ზელიმხან იანდარბიევი
ზელიმხან (ზელიმხა) აბდულ-მუსლიმის ძე იანდარბიევი (დ. 12 სექტემბერი, 1952, ყაზახეთი — გ. 13 თებერვალი, 2004, კატარი) — ჩეჩენი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ყაზახეთში გადასახლებაში მყოფ ჩეჩენთა ოჯახში. საშუალო სკოლა დაამთავრა დაბა ძველ ათაგიში. უმაღლესი განათლება მიიღო ჩეჩნეთ–ინგუშეთის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდგომ იანდარბიევი ასრულებს მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს კურსებს მოსკოვში. მუშაობდა ჩეჩნეთ–ინგუშეთის წიგნის გამომცემლობაში. იყო პირველი რედაქტორი საბავშვო ჟურნალისა „სტელა ადი". 1985 წლიდან იანდარბიევი სსრკ მწერალთა კავშირის წევრია. 1991 წლის აგვისტომდე იგი მუშაობდა ჩეჩნეთ–ინგუშეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის ივნისში ზ. იანდარბიევმა ჩამოაყალიბა კომიტეტი „ბარტი„, რომელიც 1990 წლიდან გარდაიქმნა ვაინახთა დემოკრატიული პარტია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.
1991 წლის 27 ოქტომბერს ზ. იანდარბიევი არჩეულ იქნა ჩეჩნეთის პარლამენტის წევრად, სადაც იგი სათავეში ედგა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საპარლამენტო კომიტეტს.
1993 წლის 17 აპრილს, პრეზიდენტ ჯ. დუდაევის ბრძანებით იგი დაინიშნა ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.
1995 წლის იანვრის შუა რიცხვებში ხელმძღვანელობდა გროზნოს თავდაცვით ოპერაციას რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.
1996 წლის 23 აპრილიდან პრეზიდენტ ჯ. დუდაევის დაღუპვის შემდეგ ცხრა თვის მანძილზე ასრულებდა იჩქერიის პრეზიდენტის მოვალეობას. 1997 წლის 27 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში იანდარბიევი მესამე აღმოჩნდა ა. მასხადოვისა და შ. ბასაევის შემდეგ.
1999 წლის ოქტომბერში, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდგომ ზ. იანდარბიევი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ავღანეთში, სადაც თალიბთა ხელმძღვანელობასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე.
ზელიმხა იანდარბიევი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან გროზნიში გადასვენების კომისიის თავმჯდომარე.
ემიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლიდან იანდარბიევი ცხოვრობდა კატარში, სადაც ჩრი-ის პრეზიდენტის წარმომადგენლად ითვლებოდა. 2001 წლის 9 ოქტომბრიდან რუსეთის ძალისხმევით ბატონ იანდარბიევზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოსკოვში, დუბროვკას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში განვითარებული მოვლენებისას იანდარბიევმა გამოთქვა მზადყოფნა საშუამავლო მისია შეესრულებინა ჩეჩენ დივერსანტებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ამის საპასუხოდ კრემლმა ქატარისგან დაუყოვნებლივ მოითხოვა ზ. იანდარბიევის გადაცემა, რაზეც ოფიციალურმა დოჰამ დიპლომატიური დუმილით უპასუხა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები ცნობილია როგორც ნორდ-ოსტის ტრაგედია.
ზ. იანდარბიევი დაიღუპა მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 2004 წლის 13 თებერვალს, ქატარის საამიროს დედაქალაქ დოჰაში. ტერაქტის შედეგად მძიმედ დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟი. 19 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახერხეს ტერაქტის შემსრულებელთა დაკავება, რომლებიც, რფ-ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები აღმოჩნდნენ. 26 თებერვალს ქატარის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა ბოროტმოქმედებს. რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კატეგორიულად მოითხოვა მათი განთავისუფლება. მისი უწყების თანახმად ქატარში დაკავებულნი სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც საამიროში მივლინებით იმყოფებოდნენ.
2004 წლის 30 ივნისს ქატარის სასამართლომ ორი რუსი ჯაშუში–ანატოლი ბოლშაკოვი და ვასილი ბოგაჩოვი დამნაშავედ სცნო ჩეჩნეთის რესპუბლიკა–იჩქერიის ექს–პრეზიდენტის ზ. იანდარბიევის მკვლელობაში და მათ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საამიროების კანონმდებლობით ამგვარი ვადა სამუდამო პატიმრობის ტოლფასია.
2004 წლის 23 დეკემბერს მოხდა ტერორისტების ექსტრადირება მათ სამშობლოში. რუსეთში მკვლელებს საზეიმოდ, როგორც გმირებს ისე შეხვდნენ და თვითმფრინავიდან საპატიმროს მანქანამდე წითელი ხალიჩა დაუფინეს.
ბრალდებულთა შეწყალება შეუძლია მხოლოდ კატარის ამირას შეიხ ჰამად ბინ ჰალიფ ალ–ტანის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Obituary: Zelimkhan Yanderbiyev, BBC News, February 13, 2004
- OBITUARY: Zelimkhan Yandarbiyev დაარქივებული 2015-10-19 საიტზე Wayback Machine. , The Independent, February 14, 2004